პომიდორი ქოთანში, ნაწილი 01 – ჩითილების თესვა


მსოფლიოში კორონა ვირუსი მძვინვარებს, ადამიანებს სულ უფრო მეტად უწევთ სახლში ჯდომა. თუმცა, სახლში რომ გასართობი ბევრია, ამაზე უმეტესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მე მინდა შემოგთავაზოთ გართობის ერთი სახეობა, კერძოდ კი, სახლის მებოსტნეობა.

სახლის პირობებში ბოსტნეული ადრეც მომიყვანია, გასართობად ცხადია. წელს კი ვეცდები, იგივე პროცესი გავიმეორო ისე, რომ თან რაც შეიძლება დაწვრილებით აღვწერო ეს პროცესი. მე ამ ყველაფერს მოგიყვებით იმ თესლების მაგალითზე, რაც მე მაქვს – დეკორატიული ზომის ჰიბრიდული პომიდორი “Tiny Tim“, თუმცა პომიდვრის სხვა ჯიშებზე და მრავალი სახის ბოსტნეულზე ეს პროცედურები იგივეა. მაშ ასე, დავიწყოთ!

ყველაფერი იწყება თესვით, თუმცა დიდ ქოთანში (ან თუნდაც ღია გრუნტში, ვისაც რა გაქვთ) ეგრევე რომ ვშვლიპოთ თესლები, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. ჯერ გამოგვყავს ჩითილები, შემდეგ კი მათგან საუკეთესოებს გადავიტანთ მიწაში.

ჩითილების გამოსაყვანად საჭიროა ოთხი ძირითადი ინგრედიენტი: მიწა, თესლები, პლასტმასის ჭიქები და წყალბადის მონოქსიდი, რომელიც გლეხკაცობაში სასმელი წყლის სახელითაა ცნობილი. თუკი ამის საშუალება არის, ჭიქების ნაცვლად შეიძლება სპეციალური საჩითილე კონტეინერის გამოყენებაც, თუმცა ჩემი ტუტორიალი პროლეტარულ-გლეხურია, ამიტომ იყოს პლასტმასის ჭიქები. სასმელ წყალს კი, ასევე სასურველია, თუ ონკანიდან გამოსვლის შემდეგ რაღაც პერიოდი არ გამოვიყენებთ და ვაცდით მასში არსებულ არასასურველ გაზებს (მცენარისთვის არასასურველ, ჩვენ შეგვიძლია ვსვათ) ამოორთქლდნენ.

სანამ ამ ყველაფერს ერთმანეთში გადავზელთ, ჭიქებს აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ნახვრეტები, სასურველია ძირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი დადგება, დაჭაობდება და ვერაფერს ვერ მივიღებთ. დიდ ფანატიზმს ნუ გამოიჩენთ ამაზე, ორი-სამი პატარა ნახვრეტიც საკმარისი იქნება.

თუკი ინგრედიენტების შეგროვების ეს ურთულესი ეტაპი გადალახულია, დანარჩენი საქმე მარტივდება. ჭიქებს ვავსებთ მიწით და ცოტათი ვრწყავთ, ვაცდით რამდენიმე წუთი, რომ გაიჟღინთოს და კარგად დაჯდეს და ვიწყებთ თესვას. ფანატიზმი აქაც დაუშვებელია, ამიტომ თესლებს ჭიქის ძირამდე ნუ ჩატენით! 5-10 მმ სიღრმე იდეალურია. თუკი სახაზავი არ გაქვთ, ან თვალით ვერ ზომავთ, დაახლოებით ერთი თითის დადების სიღრმე იგულისხმება. ნაზად და ფაქიზად ვაყრით ზემოდან მიწას, ოდნავ ვტკეპნით (ოდნავ!) და განმეორებით ვრწყავთ. Voila, ჩითილების თესვის პროცესი დასრულებულია. ჭიქებს ვდგამთ თბილ, მაგრამ არა ცხელ ადგილზე, მაგალითად ფანჯრის რაფაზე, ვინიშნავთ დათესვის დღეს and the waiting game begins.

სანამ ჭიქებს ფანჯრის რაფამდე მივიტანთ, სასურველია თუკი მათ დაცვას დავუყენებთ. ჩემს შემთხვევაში ამ დაცვის როლს კატა ასრულებს.

თუკი ეს პოსტი აქამდე წაიკითხე, მაშინ აუცილებლად გირჩევ ჩემი ძველი პოსტის წაკითხვასაც, სადაც დაწვრილებით მაქვს აღწერილი რომელი ინგრედიენტი სად შეიძლება იშოვო. წარმატებები ყველას, მათ შორის მეც, ამ რთულ დროს.

34 წელი მეორედ


2018 წელი მოვიდა. ეს, ოღონდ, ქრისტეს დაბადებიდან. ჩემისგან – 34 გავიდა. ოცდათოთხმეტი, ანუ ოცი გავიდა ჯერ და იმის მერე, რაც მე ოცი წლის ჯეელი ვიყავი, კიდევ თოთხმეტი.

ცოტა რთული წარმოსადგენია. ოცი წლის წინ თოთხმეტი წლის ვიყავი. სადღაც მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, ან მერვეში. შეიძლება მეცხრეში, ახლა მერევა ცოტა ეს ყველაფერი. მაშინ ცოტა სხვანაირად ითვლიდნენ სკოლაში მისვლის წლებს. შვიდის ვიყავი, სკოლაში რომ მივედი, თითქმის. თითქმის შვიდი წლისაც ვიყავი და თითქმის მივედი კიდევაც. 91 წელი იყო მაშინ. პოლიტიკურად არ მახსოვს რა ხდებოდა და არც ვაპირებ გახსენებას, მაგრამ თბილისში რომ სამოქალაქო ომი იყო, ეგ ნაღდად ვიცი. იმდენად დიდი ამბები იყო, რომ პირველ სექტემბერს სწავლა არ დაწყებულა. ვერც თხუთმეტში დაიწყეს და ვერც შუა ოქტომბერში. ქუჩაში არ გაისვლებოდა მაშინ, უკან ან დაბრუნდებოდი და ან ვერ. თუ დაბრუნდებოდი – ან დაჭრილი, ან ჯანმრთელი და თუ ჯანმრთელი, მაშინ ან ჩაცმული და ან გახდილი. ესენი მოყოლით ვიცი, რადგან 6 წლის ბავშვს არც გარეთ გამიშვებდა ვინმე და არც იქ დამხვდებოდნენ მოსაკლავად, გასახდელად ან დასაჭრელად. მაქსიმუმ სახლამდე გამომყოლოდა ვინმე ჩუმად და კარს რომ გამიღებდნენ ჩემები, შემოვარდნილიყვნენ და გავეძარცვეთ. ამიტომაც 6 წლის ბავშვს გარეთ არ მიშვებდნენ.

ასე იყო ყველა და ამიტომაც მოუწიათ სწავლის გადადება. ჰო, პურიც აღარ იშოვებოდა მაშინ უკვე მაღაზიებში და სადაც იშოვებოდა, ურიგოდ მაინც არ იყო. ასე რომ, ჩემი პირველი სექტემბერი მახსოვს სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. ან შედგა. ვიღაცეებმა ჩაატარეს, ჩემთვის კი, გაყინული 6 წლის ბავშვისთვის ის უბრალოდ შედგა. სკოლის ფორმები დაგვირიგეს მერე, მუქი ლურჯები იყო და მხარზე გადაშლილი წიგნის ლოგო ეხატა, საბჭოთა პიონერების ან ვიღაც ეგეთების პონტში. საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო უკვე, მაგრამ იქაური წესჩვეულებები ჯერ კიდევ ძალაში იყო, სკოლის ფორმებიც ქონდათ, რომლებსაც მოსწავლეებს ურიგებდნენ. ახლა რომ ვაკვირდები, შეიძლება საერთოდად სხვების გამონაცვალი ფორმები იყო. წიგნებსაც არიგებდნენ მაშინ, სკოლის ბიბლიოთეკა იყო და იქ შარშანდელი იგივეკლასელების ჩაბარებული წიგნები ხვდებოდათ შემდეგ იგივეკლასელებს. ზოგი მომსპარი და ზოგიც მოვლილი იყო ამ ბიბლიოთეკის წიგნები და რაღაცნაირ სულს ასხივებდნენ, გასაცოდავებულს თითქოს, რაღაცას რომ გეხვეწება და ვერ გეუბნება, მომკალიო.

ჰოდა, ცუდი დრო იყო რა, უსიამოვნო. იმდენად უსიამოვნო და ერთფეროვანი იყო ყველაფერი, რომ რაღაც პერიოდამდე ზაფხული და კარგი ამინდი საერთოდ არ არის ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი. აი ახლა როგორი ამინდიცაა გარეთ – უფერული, უმზეო, საჭიროზე მეტად სველი და ტალახიანი და თანაც ცივი, ისეთი ცივი, რომ ვერ გაარკვევ ეგ უფრო გაწუხებს თუ ზემოდან და ქვემოდან ერთნაირად მოწურწურე ჭუჭყიანი წყალი. ზუსტად ასეთ ამინდთან ასოცირდება ჩემთივის 90-იანი წლების დასაწყისი. რაღაც მომენტის მერე ნავთის სუნიც დაემატა ამ ყველაფერს. შუქებმა როდის დაიწყო ჩაქრობა, მართალი რომ ვთქვა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედაჩემი რომ რეკავდა ხოლმე ჯერ კიდევ თელასში, მაცივარზე შემოდებული ჭაობისფერი ტელეფონით, იმედიანად, იქნებ ამ დარეკვით შუქი მოვიდესო; ჯერ კიდევ რომ არ იყო ის აზრი ბოლომდე ჩამჯდარი ჩვენში, რომ არსად დარეკვით არ მოვიდოდა შუქი, არც ეს იყო ავარიული გათიშვა და ცოტა ხანში გაზიც გაქრებოდა. მაგრამ ნავთის სუნი რომ ნელნელა შემოგვეპარა ცხოვრებაში, ეგ მახსოვს. ოღონდ ნავთის სუნამდე იყო ერთი დიდი გორაკი ქვანახშირი, რომელიც ჩვენი სკოლის შიდა ეზოში მოიტანეს დიდი მანქანით და ჩამოცალეს იქვე, შუა ეზოში. საკმაოდ მოზრდილ, შავ მთად. დანიშნულება ვერ გავიგეთ იმიტომ, რომ რაღაცნაირი ღუმელები მოგვიტანეს მანამდე, დიზელზე რომ მუშაობდა, ანუ სალიარკის ფეჩები. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ასე მეხუთე კლასში და გავმაიმუნდით, ათას რაღაცას ვყრიდით ამ დიზელის ფეჩში, ქაღალდებს და რაღაცეებს. საოცრად უსაფრთხო ფეჩები იყო – კედელზე ეკიდა სალიარკით სავსე ბაკი, საიდანაც პატარა მილაკით მოდიოდა ეს საწვავი და წვეთ-წვეთ ისხმებოდა ფეჩში. როგორ არ აფეთქდა არასდროს და არსად, ეგ მიკვირს დღემდე. ქვანახშირმა კი ნელა-ნელა შემცირება დაიწყო და ბოლოს საერთოდაც გაქრა, ჩვენი სალიარკის ფეჩების დახმარების გარეშე. არ შემიძლია ამ აპარატს დიზელის ღუმელი ვუწოდო.

ახლა კიდევ 34-ის ვარ. ანუ ათი წლის რომ გავხდებოდი, როცა მესამე კლასში ვუყურებდი, ჩემი რუსულის მასწავლებელი, კარადისხელა ლიუდმილა რაღაცოვნა როგორ ტეხდა მუშტის დარტყმით კაკალს მაგიდაზე და მერე გაბრაზებული სკამს ესროდა ურჩ მოსწავლეს, დრო რომ დამერესეტებინა და თავიდან დავბადებულიყავი, სამჯერ მივაღწევდი მაგ მომენტამდე და ახლა ოთხი წლის ვიქნებოდი. ნეტა რას ვაკეთებდი ოთხი წლის რომ ვიყავი? მგონი ლავიწის ძვალი მოვიტეხე საბავშვო ბაღში. თან ორივე მოვიტეხე, თითო წლის შუალედით და უცნაურად დათაბაშირებული დავდიოდი. ერთი მოტეხვა მოყოლით მახსოვს, კიბიდან გადმოვხტი ან გადმომაგდეს და უცნაურად დავეცი. მეორე კი ახლაც მახსოვს, ხალიჩაზე დავდექი ხელებით, ვიღაც ბავშვმა… რა ერქვა ნეტა… სახელი “დათო” მიტრიალებს რატომღაც ტვინში… ეს ხალიჩა გამომაცალა და ლავიწით დავერჭე. ამხელა ვიქნებოდი ახლა, უკვე მეოთხედ. რა საშინელებაა. ან შეიძლება არც, ყველაზე უდარდელი ვიქნებოდი ახლა. პატარა მაგიდის ქვეშ ვიფოფხებდი სქელ ფენად გაშლილ ჟურნალ-გაზეთებზე, მაგიდაზე ნაძვის ხეს შლიდნენ ხოლმე და იქედან ჩამოსული წვიმები და ელექტრო სანთლები ძალიან მომწონდა. რაღაცნაირი სანთლები იყო, წითლები და თავზე მოციმციმე ნათურები ქონდა, ვითომ მართლა ენთო და პარპალებდა. ასეთ ძველ კადრს თუ გავიხსენებდი, არ მეგონა. მაგის მერე, პრინციპში ყოველი შემდეგი ახალი წელი ცოტათი ნაკლებად ასეთი იყო, ვიდრე წინა.

იქნებ 20 წლისას დამერესეტებინა დრო და თავიდან დამეწყო ცხოვრება? 2004 წელი იყო, თესეუში ვსწავლობდი მეორე კურსზე და საკმაოდ უცნაური ცხოვრება მქონდა. მგონი ეგრე ჯობია, მაქედან დავიწყებ თავიდან და ახლა 14 წლის ვიქნები, მერვე კლასში. არც ისე ცუდი დროა, რომ ვთქვათ. შუქები მაინც არ არის იმიტომ, რომ 98 წელია, სამაგიეროდ როცა მოდის, ყველას გვიხარია და თუ ბევრი სამეცადინო არ მაქვს, შემიძლია სუბორზე რამე ვითამაშო. ტანკები ან რამე ახალ კასეტას თუ ვითხოვებ ვინმესგან. გაკვეთილების მერე ფიზიკის ინსტიტუტშიც შეიძლება გავიარო, ჩემი კლასელის მამა მუშაობს მანდ და ერთი ოთახი მოგვცა, რაღაც აპარატურები დაგვიდგა და გაერთეთო. დაე იყოს ასე, ვიქნები 14 წლის მეორე წრეზე და ვნახოთ, სადამდე გავქაჩავ.

მე და ჩემი მესამე ველოსიპედი, სადღაც შვიდი-რვა წლის ჰასაკში

თბილისის კოშკები – ფოტოკოლაჟი


ამასწინათ ექიმმა სუფთა ჰაერზე სეირნობა გამომიწერა. თბილისში სუფთა ჰაერი არც ისე ადვილი საპოვნელია, თუმცა მის პატარა წილს მაინც მივაგენი, ყოფილი იპოდრომის ტყე-მინდვრებში. თუკი შეიძლება ასე ეწოდოს იმ პატარა კუნძულს, რაც ყოფილი იპოდრომისგანაა დარჩენილი.

ამ ბოლო დროს ერთი ჩვევა ავიკიდე, ხანდახან ფოტოაპარატს გადავიკიდებ ხოლმე და დავატარებ. ხან ფირისას, ხან კი ციფრულს. ამ გასეირნებაზეც ისე აღმოჩნდა, რომ ციფრული აპარატი მქონდა მხარზე გადაკიდებული (Nikon D3100) და რამდენიმე ფოტოც გადავიღე, რომლებიც, ჩემის აზრით, ძალიან მოუხდება ჩემი ბლოგის შეცვლილ დიზაინს. ისეთი ლამაზი და მინიმალისტური დიზაინი შევურჩიე აქაურობას, რომ მგონი ამას ყველაფერი მოუხდება. მათ შორის, ახალი პოსტიც, რომელთა წერითაც, როგორც შეატყობდით, ამ ბოლო ხანებში დიდად თავს არ ვიკლავ.

ასე რომ ამ ფოტოებს აქაც გამოვფენ და ამავე დროს ჩემს პროფილებსაც დავარეკლამებ ფოტო-შეარინგის საიტებზე. Flickr – სადაც უხსოვარი 2007 წლიდან მაქვს პროფილი, ეგეც ცვალებადი აქტიურობით. თუმცა 2019 წლის იანვრიდან რაღაც ახალ შეზღუდვებს ამატებენ ამ მართლაც კარგ საიტს, ამიტომ ახალი ხერხების ძიებაში, ახალ საიტსაც შევეფარე – 500px.com. ძალიან მესიამოვნება, თუ ამ პროფილებზე დამაფოლოვებთ.

ახლა კი რამდენიმე ფოტო, თვალს რომ ესიამოვნოს.

ასე შენდება იპოდრომთან ხიდი
განაგრძე პოსტის კითხვა

[ტრეკი] BigCrow – Mars Colony


კაი ხნის წინ, 2016 წლის დასაწყისში დარელიზებული ტრეკი – Mars Colony.

სტილი – ფსაიტრანსი (დაახლოებით). დანარჩენზე ტრეკი თავად იტყვის სათქმელს:

[ტრეკი] BigCrow – Dry Lake


ამ ტრეკის რელიზი საუნდკლაუდზე შედგა ამ პოსტის გამოქვეყნებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, ასე რომ დროა, ის ყვავის ბუდეშიც აღმოჩნდეს.

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი ტრეკი, ტრანს/ფსაიტრანს სტილში. მართალი რომ ვთქვა, ჩემი ტრეკების სტილი დიდად არ მაქვს განსაზღვრული, დიდად არც ვცდილობ რაიმე სტილში გავაკეთო. უბრალოდ, ვწერ რაც თავში მომდის და რაც გამოვა, ეგ გამოვა. თუმცა, ჩემი მორიდებული აზრით, ეს ტრეკი ყველაზე მეტად მოტრანსო ჟღერადობაში ჯდება. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.

ამ ტრეკის ლინკზე გადასვლით თქვენ მოხვდებით ჩემს საუნდკლაუდზე, სადაც ჩემივე უფრო ძველი და უფრო ახალი, სხვა მუსიკალური შემოქმედების ნაყოფები დაგხვდებათ. იქვე შეიძლება ჩემი პროფილის დაფოლოვებაც. თქვენი არაფერი მიდის, მე კი გულს მიხარებს.

Immortal Drunkards – Made in China


ეს სიმღერა შევქმენით ამ პოსტის დადებამდე თითქმის ორი წლით ადრე, მაგრამ აქ დადება ვერ მოვიფიქრე. არადა, რატომაც არა?

მაშ ასე, ლეგენდარული რეპ-მეტალ-თრეშ პროექტი Immortal Drunkards-ი წარმოგიდგენთ რეპ-ოპერას “მეიდ ინ ჩაინა ანუ სისველის სიავკარგე”.  ეს პროექტი დიდი ხანია არსებობს და შედგება ძირითადად ჩემგან და რომელიმე სიმღერის წერისას ვინც ახლოს აღმოჩნდება, იმისგან. პროექტის ლინკი ლასტ ეფემზე აქვეა. სხვა სიმღერებსაც ჩემივე ბლოგზე, ანუ აქ იპოვით.

ახლა კი თავად სიმღერა – Immortal Drunkards – Made in China:

და აქვე ლინკი: youtube.com/watch?v=F5iRGcK0lN0 

ამ სიმღერის მოსმენა ასევე შესაძლებელია საუნდკლაუდზე – საუნდკლაუდის ლინკი.

ბოსტნეულის მოყვანა ქოთანში – პატარა ჰობი სახლისთვის


თუკი ქალაქში ცხოვრობ, ჩემსავით და მამულები არ გაქვს, სადაც შეგიძლია ბევრ ჰექტარზე ხორბალი და ქერი დათესო, მაგრამ სულის სიღრმეში მიწის ყივილი მაინც ჩაგესმის, ეს პოსტი შენთვისაა.

აივანზე, ფანჯარაზე და ზოგადად ქოთანში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა არც ისე რთული და წარმოუდგენელი პროცესია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო – საკმარისი ზომის ქოთანი (სასურველია თუ 10 ლიტრზე მეტი მოცულობის იქნება), მიწა, სასურველი ბოსტნეულის თესლი და მზე. მზე ამ შემთხვევაში მთავარი ინგრედიენტია, რადგან უმზეოდ მხოლოდ სოკოს მოყვანაა შესაძლებელი. სასურველია თუკი ფანჯარა ან აივანი, სადაც ბოსტნეულის მოყვანას ვაპირებთ, იქნება სამხრეთის – ამ შემთხვევაში მზე ყველაზე მეტად მიუდგება ნათესებს, ან დასავლეთის – ჩამავალი მზე უფრო მწველია, ვიდრე ამომავალი. თუკი ფანჯარა ან აივანი ჩრდილოეთის მხარესაა და მზე არასოდეს ადგება ზედ, მაშინ შეგიძლიათ ბოსტნეულის მოყვანის ოცნებაზე ხელი აიღოთ. ჩრდილში არაფერი გაიზრდება.

ახლა ცოტა დაწვრილებით გავყვეთ ყველა პუნქტს. ამ პოსტის დაწერის მომენტში მე თავად მაქვს აივანზე დაახლოებით ერთი კვირის ნათესები, ასე რომ პოსტს ორიგინალი ფოტოებითაც გავაჯერებ. მაშ ასე, პუნქტი:

1.  თესლები – თუკი თბილისში ცხოვრობთ, ბოსტნეულის თესლის შოვნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ადვილია. ვაგზლის მოედანზე, კონკრეტულად კი დეზერტირების ბაზრის წინ (ბავშვთა სამყაროდან ჩამავალ ქუჩაზე) არის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბაზრობა, სადაც იყიდება დეკორატიული ყვავილები, მიწა და ბოსტნეულის თესლები. თესლები ასევე იყიდება დიდუბის მეტროს მიდამოებში, მაღაზიებში, რომლებსაც “მცენარეთა მოვლის საშუალებები” აწერია, ბევრია ეგეთი.
აივნის მასშტაბისთვის, სადაც მიწის საერთო ფართობი არ აღემატება რამდენიმე კვადრატულ მეტრს, რამდენიმე ლარის თესლი სრულიად საკმარისია. თითო სახეობის მცენარისთვის 50 თეთრის რომ ვიყიდოთ, ჩვენს ხელთ არსებული ქოთნების ათმაგ რაოდენობასაც ეყოფა. მოკლედ რომ ვთქვა – თესლები იაფია და ხელმისაწვდომი.ჩემს შემთხვევაში, სულ რამდენიმე ქოთნისთვის შევიძინე 3 ლარის თესლი, რაც ქვედა სურათზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დაუნანებლად დავთესე, ამ რაოდენობას ფაქტიურად არაფერი მოკლებია:001 - teslebi

2. მიწა, ქოთნები და დათესვა – ქოთნად გამოდგება ნებისმიერი ჭურჭელი, რომელსაც აქვს საკმარისი მოცულობა. საკმარისი მოცულობა სხვადასხვა ბოსტნეულისთვის სხვადასხვაა – ბოლოკს და მწვანილს თუ რამდენიმე ლიტრა ეყოფა, კიტრს და პამიდორს ბევრი უნდა. ფაქტიურად რაც მეტი, მით უკეთესი. მიწის ყიდვა იქვეა შესაძლებელი, სადაც თესლების (ზედა პუნქტში წერია). ყიდვა თუ არ გნებავთ, ნებისმიერი მიწა წავა, მთავარია სასუქი არ მოაკლდეს და თიხიანი, ანუ წებოვანი არ იყოს. მოკლედ, როგორ მიწას და ქოთანსაც ვიშოვით ავიღებთ და დავთესავთ შიგნით თესლებს. თავიდან ჯობს, თუ საკმაოდ ბლომად ჩაიყრება თესლები, რადგან ჯობია ბევრი ამოვიდეს და მერე ამოითხაროს ზედმეტები, ვიდრე ცოტა დავთესოთ და საერთოდ არ ამოვიდეს.

აი, “რაც ვიშოვე იმაში” დათესილი პამიდორი ჩერი. რაც მთავარია, ქოთანს აუცილებლად უნდა ქონდეს ქვემოდან ნახვრეტები, რათა ზედმეტი წყალი გარეთ გამოვიდეს და მცენარის ფესვები არ დაალპოს. დათესვისას არაა აუცილებელი და არც სასურველი, რომ კურკები მაინცდამაინც ქოთნის ძირამდე ჩავტენოთ, 5-10 მილიმეტრი არის უნივერსალური სიღრმე ნებისმიერი ბოსტნეულისთვის. უფრო ნაკლებ სიღრმეზე დათესილი შეიძლება გამოშრეს და საერთოდ არ დაიწყოს ამოსვლა, უფრო ღრმად დათესილი კი ზედაპირამდე სანამ ამოვა, მანამდე დაიღუპოს.

პამიდორი ჩერის ნათესი 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში.

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი - ნათესები
პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი – ნათესები

3. დათესვის შემდგომი მოვლა – არც ეს პუნქტია რთული. ქოთნები უნდა დაიდგას სითბოში და დღეში ერთხელ ან ორჯერ მოირწყას. სითბო და საკმარისი რაოდენობის წყალი (ოღონდ არა ზედმეტი) ხელს უწყობს თესლების სწრაფად გაღვივებას და შესაბამისად, სწრაფად ამოსვლას. ნათესები ამოსვლას იწყებს სხვადასხვა დროს, ბოსტნეულის სახეობის მიხედვით. ჩემს შემთხვევაში პირველი ამოიწვერა ბოლოკი, ორიოდე დღეში, შემდეგ კიტრი – ესეც თითქმის მასე, მერე რეჰანი და თითქმის ერთი კვირის თავზე, როცა უკვე იმედიც არ მქონდა, რომ საერთოდ ამოვიდოდა – პამიდორი ჩერი.

ქვემოთ: პირველ სურათზე ბოლოკის ნათესები მეხუთე დღეს, მეორეზე კი ბოლოკი და კიტრი დათესვიდან მერვე დღეს.

005 - natesi dge xuti 006 - natesi dge rva

4. ამოსვლის შემდგომი მოვლა – თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაახლოებით ერთი კვირის თავზე უკვე ჩვენი ძვირფასი ბოსტნეულის და მწვანილის ნათესი ამოსული იქნება იმდენად, რომ ადვილი მისახვედრია – ამდენი რამე საწყის ქოთანში არ დაეტევა. შეგვიძლია ნელნელა ამოვძირკვოთ სუსტი ღერები და რამდენიმე ძლიერი დავტოვოთ, მერე მათგანაც ნელნელა გამოხშირვით საბოლოოდ ერთ ქოთანში მივიღებთ ერთ, ყველაზე ძლიერ ძირს. მაგრამ მეორე, უფრო ჟმოტური მეთოდიც არის. რადგან მცენარეები უკვე ამოვიდა და ახალი ძირებისთვის თავიდან დათესვას და იმათი ამოსვლის ლოდინს დრო უნდა, ვაცდით ამ ახალ ამოსულებს გაზრდას რაღაც დონეზე და შემდეგ, რამდენიმე ძლიერ ნერგს ვანაწილებთ ახალ ქოთნებში. შესაბამისად, ერთი დათესვით ვიღებთ ბევრ, რეალურად რამდენ ქოთანს და შესაბამის მიწასაც ვიშოვით, იმდენ ძირ ბოსტნეულს. მწვანილს გამოხშირვა არ ჭირდება, ბალახია მაინც და მაგის მოსავლის მოწევას არ ველით, მთავარია ბევრი ფოთოლი ქონდეს, ამას კი ერთადაც კარგად მოახერხებენ ძირები.

5. სასუქები და ამბები – ბოსტნეულს სასუქი ჭირდება. სასუქის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია მარტო უმაღლესი ხარისხის, ტყის მიწაზე. ჩვეულებრივ, არც ისე ნოყიერ მიწას, ჭირდება დამატებით საკვები ნივთიერებების დამატება. სასუქი არსებობს ორგვარი – მინერალური და ორგანული. ორგანულში შედის ნაკელი და მსგავსი რამეები, მინერალურში კი… მინერალურები. მე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ გამოყენებული მიწის ნაყოფიერებას დიდად არ ვენდობი (წინა წლებში მარწყვები მომყავდა იგივე მიწაში და რეალურად, საკმაოდ გამოფიტულია), გადავწყვიტე სასუქის გამოყენება. მინერალურის, რადგან ნაკელის და კომპოსტის შოვნის თავი არ მქონდა.

ზემოთხსენებულ, დიდუბის მეტროსთან არსებულ “მცენარეთა მოვლის საშუალებები”-ს მაღაზიაში შევიძინე უნივერსალური, NPK (აზოტ-ფოსფორ-კალიუმის) სასუქი, კონცენტრაციით 16:16:16 და ნელ-ნელა ვამატებ მიწას. ეს სასუქი წარმოადგენს მოვარდისფრო გრანულებს, რომელიც წყალში არც ისე ხალისით იხსნება. ამიტომ ჯობია დავფხვნათ და ფხვნილი მოვაყაროთ მიწას. მორწყვასთან ერთად ეს სასუქიც ნელ-ნელა ჩავა მიწაში. მოყრის რაოდენობა – ცოტა. ეს საკმაოდ კონცენტრირებული სასუქია და მისი ინსტრუქცია გვამცნობს, რომ ჰექტარზე დაახლოებით 100-150 კილოგრამი გამოიყენება. კვადრატულ მეტრზე რომ გადმოვთვალოთ, 10-15 გრამი გამოდის სულ. შესაბამისად, თუკი ერთ კილოგრამს ვიყიდით, რომელიც სულ რაღაც ლარნახევარი ღირს, ჩვენს მინიბოსტანს ის წლების განმავლობაში ეყოფა.

სასუქის შეტანა ზოგადად ჯობია მიწის სიღრმეშივე, ანუ სანამ ქოთნებში მიწას ჩავყრით და დავთესავთ, მანამდე რომ ავურიოთ. თუმცა, არც მერე დამატებაა პრობლემა. მთავარია, ნათესებს წყალი არ მოვაკლოთ და ეს სასუქიც ეტაპობრივად ჩავა ნიადაგის სიღრმეში, ფესვებისკენ.

NPK სასუქი (აზოტი - ფოსფორი - კალიუმი). ფონზე - ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.
NPK სასუქი (აზოტი – ფოსფორი – კალიუმი). ფონზე – ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

6. რა ვქნათ შემდეგ? – მას შემდეგ, რაც ეს მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ და ათიოდე დღის ნათესი მივიღეთ, საჭიროა გაფართოებაზე ფიქრი. გაფართოება ყველაზე მეტად ჭირდება კიტრს და პამიდორს. ამიტომ, სანამ ნათესები ძალას იკრებენ და იზრდებიან, აჯობებს გავამზადოთ რაც შეიძლება დიდი მოცულობის ჭურჭლები მათ გადასარგველად ცალ-ცალკე ქოთნებში. გვახსოვდეს – რაც უფრო მეტ ქოთანში გადავანაწილებთ კიტრის და პამიდვრის წამოზრდილ ჩითილებს და მეტ საერთო სივრცეს მივცემთ, რათა ფესვები კარგად განვითარდეს, მით მეტი იქნება მოსავალი. ბოლოკს, მწვანილს და სხვა მსგავს რამეებს, რომლებმაც პირდაპირ არ უნდა მოისხან მიწისზედა ნაყოფი, ამ მხრივ ნაკლები პრეტენზია აქვთ. თუმცა, არყის ჭიქისხელა ჭურჭელში გაზრდა მაინც არ გამოვა, არაფრის.

როდესაც (თუკი ოდესმე) გადარგული მცენარეები ყვავილებს გამოისხავენ, ჩვენ მოგვიწევს ფუტკრის როლის შესრულებაც. გაყვავილებული ბოსტნეული პერიოდულად უნდა შევარხიოთ, რათა გავაძლიეროთ ყვავილების დამტვერვა. დამტვერვის გარეშე რომ ნაყოფს ვერ მივიღებთ, ეს ბოტანიკის მე-7 კლასის წიგნშიც წერია. ასე რომ, მცირედი, პერიოდული შექანავება ჩვენს ნარგავებს არაფერს აწყენს, მთავარია არ გადავამლაშოთ და ძირი ხელში არ შეგვჩეს. ასევე, უკვე წამოზრდილ მცენარეებს ჭირდება საყრდენები, კიტრის და პამიდვრის ზოგიერთ ჯიშს კი (პამიდორ ჩერის, მაგალითად) სულაც თოკი, რადგან ისინი რამდენიმე მეტრზე იზრდება. ამ საყრდენებზე მცენარეების მიბმისას საჭიროა სიფრთხილე. გახსოვდეთ, რომ წვრილი ღერო, რომელსაც კარგად მიაბავთ საყრდენზე, ცოტა ხანში გამსხვილდება და მჭიდროდ შემოჭერილი საბელის შემთხვევაში, გაიგუდება და ზემოთ ზრდას ვეღარ გააგრძელებს დიდი ხალისით.

ზრდის და ნაყოფის დამწიფების ყველა ეტაპზე ბოსტნეულის უმეტესობას ბევრი მზე და წყალი ჭირდება. თუმცა, არის ერთი შეზღუდვა, რაც კიტრს და პამიდორს აქვს. ზაფხულის მწველ მზეს ისინი დიდად ვერ უძლებენ. ასე რომ, თუკი დათესვა ჩემსავით გვიან მოგივათ და წინ დიდი და ცხელი ზაფხული გელით, ჯობია თუკი მზისგან დამცავ საშუალებებს გამოიყენებთ – საჩრდილობელი ბადე ამ შემთხვევაში სავსებით გამოდგება, ის შეამცირებს მზის ნათებას, თუმცა მთლიანად ჩრდილშიც არ ამყოფებს მცენარეს. წყლის დასხმისას კი ერთი რამეა კიდევ გასათვალისწინებელი – წყალი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოხვდეს ფოთლებს და ნაყოფს, ჯობია თუკი მას უბრალოდ ძირში დავასხავთ.

ასევე საფიქრალია პარაზიტები, ხოჭოები და მსგავსი მავნე არსებები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებით შეუძლიათ მცენარის და მოსავლის დაზიანება, ან სულაც მოსპობა, თუმცა ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ და შესაბამისად ვერაფერს გეტყვით. ჯობს, თუკი მცენარეთა მოვლის მაღაზიებში მიხვალთ და შესაბამისი მცენარის სავარაუდო პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს მოიმარაგებთ. Better safe, than sorry.

ეს არის ძირითადი წესები იმისა, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ არარსებული მამულების პირობებში, მხოლოდ საკუთარი აივნის და ქოთნების იმედად, ბოსტნეული. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩემს ახალამოწვერილ ნათესებსაც.

CrowShow – პირველი ეპიზოდი – “ცნობილი ადამიანები”


სულ რაღაც დღეს, მეგობრებთან ერთად წამოვიწყეთ ასეთი მშვენიერი რამ – ვიდეო შოუ, ცოტათი შემეცნებითი, ცოტათი გასართობი, სახელად “ყვავის შოუ”. ცოტა ისეთი სათაურია, პირდაპირი და მოურიდებელი, მაგრამ მოსარიდებელი რა გვაქვს, რომ დავფიქრდეთ. ასე რომ, მინდა წარმოგიდგინოთ ამ გადაცემის პირველი, საცდელი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ცნობილ ადამიანებს.

icon

სანამ ვიდეოს ნახავდეთ (ან თუ გნებავთ, ვიდეოს ნახვის შემდეგაც), გადადით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და დაალაიქეთ, ბევრ სასარგებლო რამეს შეიძენთ ამით. ესეც გვერდი – ყვავის შოუ / CrowShow

ახლა კი თავად ვიდეო, მცირედი, გადმოკოპირებული აღწერით:

“ყველა ადამიანი მიიღებს ცხოვრებაში თავისი დიდების 15 წუთს” – ენდი ვორჰოლი. მაგრამ როგორ ხდებოდნენ ადამიანები ცნობილები, ისტორიის განმავლობაში? ამის შესახებ ამ გადაცემაში შეიტყობთ.

შემდეგ გადაცემებზე უკვე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ცოტა მეტი science თემები შევიტანოთ მასში. ასე რომ, გვისურვეთ წარმატებები და დატკბით ვიდეოთი.

სად ნახე ეს ფოტოო?! ანუ პრიკოლიზმი ქართულად


-აუ გურამჩიიკ, ძალიან მაგარ რამეებს დებ ხოლმე სულ, სად პოულოობ?

90-იანები წლების ბოლოში, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, პირველად მომიწია კომპიუტერთან შეხება. ეს იყო IBM-ის მოდელის რაღაც კალკულატორი, რომელზეც პროგრამირების რომელიღაც მარტივი ენა ეყენა მხოლოდ, მწვანე ეკრანი ჰქონდა და კლავიატურა რატომღაც რუსული განლაგებით მუშაობდა. ამ კალკულატორზე მიჩვეულს ფაქტიურად ახალი სამყარო გადამეშალა თვალწინ, როდესაც ფერადეკრანიან, ვინდოუს 3.01-იან და მაუსიან კომპიუტერთან მომიწია შეხება. ეს იყო ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ჩემი კლასელის მამა მუშაობდა და მე და ეს ზემოთხსენებული კლასელი, გაკვეთილების მერე მივდიოდით ხოლმე.

მაშინ კომპიუტერული თამაშები “ერთდისკიან და ორდისკიან” კატეგორიებად ჯერ არ იყოფოდა, იყო მხოლოდ ერთფლოპიანი თამაშები, ერთ ფლოპიზე რომ ბევრი ეტევა ეგეთი თამაშები და რაღაც სუპერ-მეგა-უზარმაზარი თამაში თვითმფრინავებზე, რომელსაც მთელი ორი ფლოპი ჭირდებოდა. ვისაც არ ახსოვს გეტყვით, რომ ერთ ფლოპი დისკზე მთელი 1.44 მეგაბაიტი ეტეოდა. მოკლედ, მასშტაბები გასაგებია.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ინტერნეტში. ავტორი: http://meago.deviantart.com/
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ინტერნეტში. ავტორი: http://meago.deviantart.com/

შემდეგ გამოჩნდა “ვაკის ინტერნეტები” – რაღაც ფონდის რაღაც ოფისი, სადაც ჩაეწერებოდი წინასწარ ტელეფონით და მერე კვირის რომელიღაც დღეს მიდიოდი. და ხო, იქ ინტერნეტი ჰქონდათ! ეს იყო რაღაც ფანტასტიკა! Netscape ბრაუზერი და მთელი 5 კილობიტი წამში სიჩქარე! გარდა იმისა, რომ ინტერნეტით შესაძლებელი იყო სრულიად უცხო ადამიანებთან დალაპარაკება, ასევე შესაძლებელი იყო სურათების ნახვაც. მახსოვს, მე და ჩემი კლასელი ერთად დავდიოდით ხოლმე, თან რამდენიმე სხვადასხვა სახელით ვეწერებოდით, რომ კვირაში რამდენჯერმე გვქონოდა მისვლის ბედნიერება. მივათრევდით ხოლმე ერთ შეკვრა ფლოპი დისკებს და ვავსებდით ინტერნეტში ნანახი ფოტოებით. ძირითადად ქალების და მანქანების.

ასეთი მეთოდით მოპოვებული ფოტოები, ცხადია, უფრო ძვირფასი და საინტერესოც იყო. მიგვქონდა მერე ეს ფოტოები ფლოპით ფიზიკის ინსტიტუტის კომპიუტერზე და თუკი შუქი იყო, გახარებულები ვათვალიერებდით ხოლმე, თან ზოგჯერ, თუკი რაიმე სუპერ-პუპერ მოდელის ან მანქანის ფოტო გამოერეოდა, აღტაცებას ვერ ვმალავდით ხოლმე – “სად ნახე ეს ფოტო, ძალიან მაგარია!”

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თითქმის ოცი. ახლა ვზივარ საკუთარ კომპზე, მაშინდელი მასშტაბებით თუ შევხედავთ – უსასრულოდ ძლიერ, უსასრულოდ დიდი HDD-ს მქონე და უსასრულოდ სწრაფი ინტერნეტით აღჭურვილ მეგა მანქანაზე და ფეისბუქის ან სხვა საიტების გვერდებს უგემურად ვსკროლავ. რამე გასართობი მინდა? ჩავწერ გუგლში “რამე გასართობი” და ყველაფერი წამში მაქვს. ხშირად ჩაწერაც არ ჭირდება, გასართობი თავისით გეყრება თავზე, ფოტოშოპით გაკეთებული უცნაური ფოტოები, ფეიკ და არც ისე ფეიკ სელებრითი ვიდეოები და მსგავსი გემრიელობები.

მოკლედ რომ ვთქვათ, სამოთხეა მოწყენილი ადამიანისთვის. და ასეთი მოწყენილი ადამიანი, როდესაც ფეისბუქის სკროლვისას წავაწყდები რაიმე ფოტოს, მაგალითად როგორ ჭამს ტერმინატორი შაურმას, შეიძლება დალაიქებაც დამეზაროს. ეს ხომ აღარ არის საოცრება, ეს ხომ 90-იანების ბოლო აღარაა, ეგეთი რამეებით უკვე სავსეა ჩვენს გარშემო ყველაფერი. და უეცრად, მსგავსი ფოტოს ქვეშ ვხედავ გაოცებულ და აღტაცებულ კომენტარს – “ვაიმე, გურამჩიკ, სად პოულობ ასეთ რამეებს?”

ამ დროს მგონია, რომ მსგავსი კითხვის ავტორისთვის ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოა, სახლში IBM-ის ძველი მოდელის კალკულატორი უდევს და ინტერნეტი ფლოპი დისკებით დააქვს. სხვანაირად შეუძლებელია ასეთი ხბოს აღტაცება და გაოცება გამოხატო.

ალისა საოცრებათა სამყაროში. ავტორი: http://jejejeca.deviantart.com/
ალისა საოცრებათა სამყაროში. ავტორი: http://jejejeca.deviantart.com/

ახალი ტრეკი – Blue Mountains


ახალი ტრეკი დადებულა, ახალი – სოკრატე

მოგესალმები პუბლიკავ, დიდი ხანია არაფერი დამიწერია აქ, არადა დასაწერი ბევრია. პიონერულ სიტყვას ვიძლევი, ეს აღარ განმეორდება.

ახლა კი საქმე. მინდა წარმოგიდგინოთ ტრეკი, რომლის წერაც გუშინ დავამთავრე. სტილი – ტრანსი, გოა, სუომი (თუ ზოგიერთებს დავუჯერებთ), მოკლედ, ჩქარები. ესაა პირველი ასე თუ ისე დასტოინი ფსაი ტრეკი, რომელიც გამომივიდა. სხვა არაფსაი ტრეკების მოსმენა, ცხადია შეგიძლიათ ამ ლინკზე. ახლა კი თავად ტრეკი.

აი, ასეთი სიტყვაძუნწი რელიზი შედგა ტრეკისა. დატკბით.

ქოვერის დიდი ვერსია
ქოვერის დიდი ვერსია

My recent tattoo works [გალერეა]


Let’s test my phone’s ability to make good wordpress posts. I can’t write in georgian from here, but this is not a big deal. Sssoo, let me show you some of my recent tattoo works and test the upload function at the same time.

image

image

image

image

That’s it, hope you enjoy my works…

ჩემი ბავშვობის პიროტექნიკა


სურიკი და ბრონზა ყველა ბავშვის ხელში!

საახალწლოდ თბილისი 90-იანი წლების გროზნოს ემსგავსება. პატარა ჯოხარ დუდაევები, მამამ რომ სიგარეტზე ჩააგზავნა და ხურდა ძმაკაცებისთვის კევის საყიდლად დაუტოვა, იმ ფულით სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ასაფეთქებლებს ყიდულობენ და უკვე მეასედ ამოწმებენ – ამასაც ისეთივე ხმა და ეფექტი ექნება თუ არა, როგორც წინა ას ცალ სხვა ასაფეთქებელს. აფეთქებენ ყველგან, ყველაფერს და ძირითადად გამვლელების შეხტომასა და გინებაზე კაიფობენ.

90-იანების თბილისში კი საქმე სხვანაირად იყო. მაშინ ბაზრობაზე კალაშნიკოვის ტყვიებს უფრო ადვილად იშოვიდი, ვიდრე პატარა ასაფეთქებელს. ამიტომაც ბავშვები უფრო გამომგონებლები იყვნენ. იყვნენ იმიტომ, რომ მე როდესაც 90-იანების ბავშვი გავხდი, ეს გამოგონებები უკვე დამხვდა, საბჭოთა მოზარდების მიერ შექმნილი. საბჭოთა პიროტექნიკაზე მაქვს საუბარი, რომელიც არამარტო საახალწლო გასართობს წარმოადგენდა, არამედ მთელი მეცნიერება იყო. პიროტექნიკის შექმნა-გამოყენების ტემპიც ზაფხულობით აღწევდა პიკს, როდესაც კურორტის გარეშე დარჩენილი ბავშვები ეზოებში ბირჟაობდნენ და ხეების ჩრდილში ახალ შეარაღებას ქმნიდნენ.

შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ბოლტ-გაიკა და მასში ჩაყრილი ასანთის თავები. საერთოდაც, ასანთის თავები ბევრ მსგავს აპარატში გამოიყენებოდა, რადგან მაშინ, მოგეხსენებათ, ასანთი ერთი კაპიკი ღირდა, მოსკოვში გადაფრენა კი 37 მანეთი. ბოლტგაიკური ასაფეთქებელი საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი იყო და ქუჩაში ნაპოვნი ნაწილებითაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, იგი მრავალჯერადი იყო. მოკლედ, ვპოულობდით სადმე ორ ცალ ბოლტგაიკას,bolt-gaika რომელიც აუცილებლად ძველი და ოდნავ მორყეული უნდა ყოფილიყო. საინტერესო დაკვირვებაა, რომ ბოლტ-გაიკები რატომღაც ყველგან ეყარა, ალბათ საბჭოთა მაღალტექნოლოგიური მანქანები ისე იყო დაპროექტებული, რომ თავისით ცვიოდა ნაწილები. ასანთის მოფშვნილ თავებს, რომლებსაც წინასწარ ვამზადებდით (მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება) ვტენიდით ამ მორყეულ ბოლტში, ორივე მხრიდან კარგად ვუჭერდით და ასაფეთქებელიც მზად იყო. საკმარისია მისი ვერტიკალურად ასროლა და თუკი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მიწაზე დაცემისას მშვენიერ ხმას გამოსცემს.

ამ საოცარი აპარატის პრინციპული სქემა რუსულ ინტერნეტში დღესაც არის შემორჩენილი და მას უცვლელად გთავაზობთ:

მეორე ლეგენდარული ასაფეთქებელი იყო, რაღა თქმა უნდა, სურიკი და ბრონზა. მე პირადად ეს აპარატი არასოდეს დამიმზადებია, ამიტომაც ზუსტი რეცეპტიც არ ვიცი, თუმცა ეფექტი ნანახი მაქვს – ფოლგაში ან ცელოფანში გახვეულ სურიკსა და ბრონზას ესვრიან კედელს და ეს საოცრება ასეთივე საოცარი ხმითა და საკმაოდ მყრალი ბოლით ფეთქდება. თუკი ვინმე მის რეცეპტურას სრულად ფლობთ, კომენტარებში შემომთავაზეთ.

asanti-cherzeშემდეგი ტიპის პირო-სათამაშო ნაკლებად განეკუთვნება ასაფეთქებლების ტიპს, ის უფრო ხელოვნების ნიმუშია. მსგავსი ხელოვნების ნიმუშის ხილვა, რაღა თქმა უნდა ძველი შექმნილის, დღესაც შეგიძლიათ გაურემონტებელი სადარბაზოების ჭერზე. ეს არის, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ჭერში სასროლი ასანთის ღერები. თქვენი არ ვიცი და ჩემი სადარბაზოს ჭერი საკმაოდ ინტენსიურად იყო დამწვარი და ნახევრად დამწვარი ასანთის ღერებით შელამაზებული. ეს აპარატი ყველაზე იაფი ჯდებოდა (არ დაგვავიწყდეს – ასანთი ერთ კაპიკად) და შესაბამისად ყველაზე მეტადაც იყო გავრცელებული. ასანთის ღერს ვღეჭავდით, ცხადია უგოგირდო მხრიდან, მერე კი საკმაო ხანს ვუსვამდით წინასწარ ფურთხით დამუშავებულ ცარცის კედელზე. მცირედი გაწაფულობის შემთხვევაში, მოკლე დროში ბლომად ასეთი სათამაშოს დამზადება შეიძლებოდა – ასანთის ღერი, რომლის ცალ მხარეზე გოგირდია, მეორე მხარეს კი საკმაოდ გულისამრევი რამ, ფურთხისა და ცარცის გორგალი. ვუკიდებთ ასანთს ცეცხლს და ვისვრით ჭერში, სადაც ის ცარციანი მხრით ეწეპება და ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, ასანთის ღერი ბოლომდეც კი იწვის. მონა ლიზაც მზადაა. ამ ყველაფრის ვიზუალიზაციაც შემიძლია შემოგთავაზოთ მარცხენა სურათში:

გადმოცემით გამიგია, რომ არსებობდა კიდევ ერთი ტიპის ასაფეთქებელი, სავარაუდოდ ქიმიის კარგად მცოდნე პიონერების მიერ მოგონილი. მისი მთავარი ინგრედიენტი იყო გლიცერინი და მარგანცოვკა, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება არ მიცდია, ან გლიცერინი არ მქონდა ხოლმე, ან მარგანცოვკა. ასე რომ ამ ლეგენდის რეცეპტსაც თქვენგან ველი.

კიდევ ერთი მშვენიერი გასართობი, რომელიც ასევე ასანთის თავებზე მუშაობდა, იყო კომპაქტური სატკაცუნო. მისი მთავარი კონსტრუქცია ველოსიპედის სპიცაზე იყო აგებული. სპიცის თავში, აი რითიც ბორბალზე მაგრდება, ვტენიდით საწვავს, ამ შემთხვევაში კვლავაც ასანთის გოგირდ-ფოსფორს, ვუჭერდით მეორე მხრიდან ასევე სპიცას (თუ სწორად მახსოვს) და ლაწან! ნებისმიერ დარტყმაზე მშვენიერი, კომპაქტური და რაც მთავარია, rechargable ხლოპუში მზად იყო. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იყო სკოლაში, ეფექტურობა სამმაგად მატულობდა, თუ ეს ყველაფერი გაკვეთილზე ხდებოდა. მართალია უკუჩვენების სახით მშობლის დაბარება მოყვებოდა ამას სკოლაში, მაგრამ ეფექტი ამად ღირდა.

სკოლაზევე გამახსენდა კიდევ ერთი აპარატი, რომელიც ერთჯერადი იყო და იმ დროისათვის საკმაოდ დეფიციტურ მასალას მოითხოვდა. მაგრამ მისგან იმხელა ეფექტი იყო, რომ ზოგჯერ გაკვეთილიც კი იშლებოდა ხოლმე. რაღა თქმა უნდა, ეს საოცრება არის სიგარეტის ფოლგაში გახვეული პინგ-პონგის ბურთის ნაფშვენები. აფეთქებას და ხმაურს ის არ იწვევდა, მაგრამ თუკი ვინმეს ერთხელ მაინც აქვს იგი გამოყენებული, ემახსოვრება როგორ სქელ, მძიმე და საფუძვლიან კვამლს იძლეოდა პინგ-პონგის ბურთი. მისი ერთი დადებითი თვისება კიდევ ის იყო, რომ ავტორ-ტერორისტს შეეძლო სრულიად ანონიმური დარჩენილიყო – ცეცხლის მოკიდებიდან და გადაგდებიდან სრული სიმძლავრით აკვამლებამდე საკმაო დრო გადიოდა, რის გამოც მასწავლებელს გასროლის მომენტი შეუმჩნეველი რჩებოდა. ხოლო როდესაც შეამჩნევდა, უკვე გვიანი იყო, მთელი კლასი, ხოლო თუკი ავტორს ბურთის ნაფშვენები არ დაენანებოდა და ბლომად ჩატენიდა აპარატში, მთელი სკოლაც, თეთრი მომყრალო კვამლით ივსებოდა.

არ მინდა იფიქროთ, რომ საბჭოთა წარმოება ისე უკან იყო, რომ ბავშვებს ყველაფრის ჩვენი ხელით კეთება გვიწევდა. მაღაზიებშიც შეიძლებოდა მაშინ პიროტექნიკის უდავო სასწაულის შეძენა. ეს იყო კარდონის მოკლე მილი, რომელსაც ბოლოში ძაფი ჰქონდა. თუკი ძაფს აკურატულად გამოქაჩავდით და არ მოწყვეტდით, მაშინ მსუბუქი ტკაცუნის ფონზე თავზე მრგვალად დაჭრილი ქაღალდები გადაგეყრებოდათ. ცხადია, ამ სასწაულით ვერავის გააოცებდი, ამიტომაც შეიქმნა ყველა ზემოთმოყვანილი კუსტარული სათამაშო. კიდევ კარგი, რომ დენთი ისეთივე ხელმისაწვდომი არ იყო ბავშვებისთვის, როგორც ასანთის ღერები, ან თუნდაც პინგ-პონგის ბურთები, თორემ წარმომიდგენია რამდენი ცალხელა 20-40 წლის ახალგაზრდა ივლიდა დღეს საქართველოში.

ეს იყო ის ძირითადი პიროტექნიკა, რაც მე გამახსენდა. თუკი რამე გამომრჩა, ან თუკი ვინმე უფრო სასწაულ ტექნოლოგიას ფლობდით, არ მოგერიდოთ და დაწერეთ კომენტარებში. შემოვუნახოთ მომავალ თაობას საბჭოთა სასწაულები!

ჯგუფი “თუმანი”-ს კლიპი (111)


მოგესალმები ყვავის ბუდის ერთგულო და დაუზარელო მკითხველო და მინდა ეგრევე შემოგთავაზო ერთი კარგი რამ – ჯგუფი თუმანის კლიპი. ამ პოსტის სათაურში რომ 111 წერია, ეგ კლიპის გამოშვების წელს არ აღნიშნავს. სიმღერას ქვია “111 კმ/სთ”, რომლის, ასე ვთქვათ კლიპიც, მინდა შემოგთავაზოთ.

კლიპი შარშან გადავიღეთ, მაგრამ ჩემი ვინჩესტერის უძირო სივრცეებში ეგდო, დაუმონტაჟებელი. დროის უქონლობის გამო. ახლა კი, რადგან დრო საკმაოდ მაყრია თავზე, როგორც იქნა გადავწყვიტე დამემონტაჟებინა. მაშ ასე, ჯგუფი თუმანი, სიმღერით ასთერთმეტი:

პ.ს. ამ ჯგუფის სხვა სიმღერების მოსმენა შეგიძლიათ მის არხზე – soundcloud.com/tumani

New Tattoos


ტატუს ახალი აპარატი რომ ვიყიდე, ეს უკვე ნათქვამი მაქვს, ახლა მინდა ორიოდე ახალი ნაშრომი შემოგთავაზოთ, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინ დავხატე და ერთიც ოდნავ ძველი:

Dj BigCrow – Nuclear Winter [dj set]


როგორც იქნა, მოვიდა დრო, რომ ამ ბლოგის სახელობის სეტი გამეკეთებინა – Nuclear winter. ეს არის იმ სეტის ჩანასახი, რომელიც 8 ივლისს დავუკარი კლუბ დივანში. სხვა სეტებისა და “მუზიკებისათვის” გადადით ამ ლინკზე.

ახლა კი თავად სეტზე ორიოდე სიტყვით. ეს არის ერთსაათიანი ფსაიტრანს-ფულონ სეტი, საკმაოდ დუხიანი და ენერგიული. მისი მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ მდებარე სურათზე დაწკაპუნებით:

ტრადიციული ტექსტური ლინკიც აქვეა – Dj BigCrow – Nuclear winter

ენჯოი ლისენინგ, როგორც იტყვიან მასონურ რადიოებში. და რაც მთავარია, არ გვავიწყდება ჩემი დაფოლოვება მიქსქლოუდზე.

ახალი Tattoo Gun და ახალი კარიერა


პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი.

და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან და რადგან, ყველა საზომის მიხედვით მე დამწყებ ტატუიროვშიკებში გავდივარ, აპარატიც შესაბამისი, დამწყები ვიყიდე, იაფიანი. თუმცა, მოგეხსენებათ მარტო აპარატი საკმარისი არ არის – სხვადასხვანაირი ნემსები, თავები, მელანი და სხვა პრიბამბასებიც უნდა. ასე თუ ისე, დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც იქნა, თითქმის შევკარი მთელი კომპლექტი და პირველი ორნახევარი ტატუც გავაკეთე. ნახევარ ტატუში ვგულისხმობ ანას ტატუს, რომელიც ჯერ დაუმთავრებელია. და ადრე თუ მხოლოდ ძალიან ახლობლებზე ვცდიდი ჩემს ნემსს, უკვე შემიძლია ყველა მსურველს გავუფერადო კანი, ცხადია შესაბამისი ანაზღაურების ფასად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს კოხტა დრაკონს და პირველ ორ ნორმალურ ნამუშევარს. პირველს დაჭირდა 30 წუთი, მეორეს – ერთი საათი:

აპარატი და მისი ნაწილები

პირველი ვარსკვლავის ხატვის პროცესში

ეს კი შედეგი

ლუქსას ლომი ხატვის პროცესში

ეს კი დამთავრებული ლომი

ბატონო ბიძინა, ჯვარს ატარებთ?


სათაურში მოყვანილი შეკითხვა მე არ მეკუთვნის, რომელიღაც ინტელექტუალმა ჟურნალისტმა დაუსვა დღეს ბიძინა ივანიშვილს, პარტიის წარდგენის შემდეგ. თუმცა კითხვაც არის და კითხვაც. როდესაც 3 საათი მიმდინარეობს ქართული ოცნების შეკრება, როდესაც 20 წუთი ჟურნალისტების არმია ელოდება ივანიშვილის გამოსვლას, რომ რამე კომენტარი აიღოს, როცა ამ ყველაფრის მერე შენ გეძლევა შანსი, რომ პირველი კითხვა დასვა და ამ ყველაფრის მიუხედავად ეკითხები – “ბატონო ბიძინა, ჯვარს თუ ატარებთო”, მაშინ ხარ პროსტა დურაკი და შენი საქმე სახლში ჯდომა და ნასკების ქსოვაა მხოლოდ. სრული შთაბეჭდილებისთვის, შეგიძლიათ ვიდეოც იხილოთ, რომელიც ჩემს მონათხრობს ასახავს. იქ გახლდით და მოვახერხე გადაღება, ვიღაცეების თავებს ზემოდან.

მათთვის კი, ვისაც ჟურნალისტური ქაოსის ხილვა ეზარება და მხოლოდ კითხვა აინტერესებს, მოკლე ვერსიაც:

მარსის მოდულის გაშვება [ფოტორეპორტაჟი]


სათაურში მოყვანილმა სიტყვამ, “ფოტორეპორტაჟი” არ დაგაბნიოთ, იქ არ ვყოფილვარ (სამწუხაროდ). თუმცა ლაივს ვუყურე და ფოტორეპორტაჟის მსგავსიც გავაკეთე.

Update: პოსტის ბოლოს დავამატე ვიდეოჩანაწერიც, ჩასკროლეთ.

ლაპარაკი მიდის NASA-ს მიერ ოციოდე წუთის წინ წარმოებულ გაშვებაზე. მათ ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოდული – Mars Rover –  გაუშვეს მარსის მიმართულებით. მოდული მარსს 2012 წლის აგვისტოში მიაღწევს და იქაურობის გამოკვლევას მოემსახურება. ძირითადი მისია მარსზე სიცოცხლის ფორმების აღმოჩენაა. გაშვება, ტრადიციულად, კანავერალის კონცხიდან განხორციელდა.

ახლა კი ფოტორეპორტაჟი, რომელიც წარმოადგენს ქრონოლოგიურად დალაგებულ 26 ფოტოს, გაშვებამდე, გაშვების დროს და გაშვების შემდეგ.

გაშვებამდე

Continue reading “მარსის მოდულის გაშვება [ფოტორეპორტაჟი]”

Dj BigCrow – No time to be sick [Psytrance]


ყოველდღიური პოსტვის კვირეული გრძელდება და დღეს მინდა მუსიკალურად დავტვირთო თქვენი გონებები. მუსიკა, როგორც ასეთი ჩემი დაწერილი არ არის, თუმცა თუკი დიჯეინგის კუთხით შევხედავთ, ჩემი შემოქმედების ნაყოფია.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავატრაკო, მინდა წარმოგიდგინოთ სეტი, რომელიც გუშინ გავაკეთე. სეტი სასიამოვნო მოსასმენია, ვინაიდან წარმოადგენს საკმაოდ კარგი PsyTrance კამანდის, Orgon Flow-ს ტრეკების ჩემს მიერ დამიქსულ ვარიანტს. თუმცა, გარდა ამისა, ეს ჩემთვის მეტად უჩვეულო სეტიცაა – მისი სიგრძე სულ 7:39 წუთია. ამას თავისი სახელიც ქვია – Fast Mixing და მეც ვცადე ამ სტილში მეცადა ბედი. თითქმის 8 წუთიან სეტში მოვახერხე და 8 ტრეკი ჩავატიე.

სეტის მოსასმენად, ვინაიდან და რადგან ვორდპრესს ჯერ არ აქვს Mixcloud-ის ფლეშ პლეიერის პირდაპირი მხარდაჭერა, დააჭირეთ ქვემოთ მოყვანილ ქავერის ფოტოს:

BigCrow - No time to be Sick

როდესაც ამ სეტზე გადახვალთ, კარგს იზამთ თუ კომენტარებს, ლაიქებს და შეარებს არ მომაკლებთ. გარდა ამისა, დამაფოლოვეთ Mixcloud-ზე და მიიღეთ აპდეიტები ყველაზე ადრე.

ყოველდღიური პოსტვის კვირეულის ამბავში კი დამილაიქეთ ბლოგის გვერდი ფეისბუქზე ან დამცირკლეთ Google+ -ზე.

რეგისტრაციოფობია


ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავეცანი და ბოლომდე ვეთანხმები ზემოთმოყვანილ წესებს.

ჩვენ, ყველამ, რეგისტრაციის პირველი პროცესი სამშობიაროში გავიარეთ, მაგრამ არავის გვახსოვს როგორი იყო ეს. ალბათ იმიტომ, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა არ მიგვიღია. შემდეგ რეგისტრაცია საბავშვო ბაღში, საბუთების შეტანა სკოლაში, თუკი რამე დამატებით წრეებზე დავდიოდით, იქაც გვექნება გავლილი რამდენიმე პროცესი რეგისტრაციისა. დამთავრდა სკოლა, რეგისტრაცია უმაღლესში. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, კაცობრიობის უკეთეს ნახევარს კიდევ გვემატება რეგისტრაცია სამხედრო კომისარიატში. შემდეგ მეზობელს ალუმინები მოვპარეთ – კიდევ ერთი რეგისტრაცია, ამჯერად პოლიციის საუბნო განყოფილებაში. შემდეგ რეგისტრაცია ზაგსში, გადის ცოტა დრო და აჰა, ჩვენ უკვე რეგისტრაციის ექსპერტები ვართ. იმდენად ექსპერტები, რომ უკვე შეგვიძლია ახალი მომხმარებელი დავარეგისტრიროთ დედამიწაზე, მივცეთ მას ჩვენი გვარი და ჩვენივე არჩეული სახელი. თუკი სიდედრი მორწმუნეა, ცოლს კი დედა ძალიან უყვარს, ამ ახალ მომხმარებელს ეკლესიაშიც ვარეგისტრირებთ. ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რეგისტრაციის უამრავი პროცესი, რომელსაც ახალ-ახალ სამუშაო ადგილებზე გავდივართ, სასურველი ანაზღაურების ქონის შემთხვევაში კი – საკურორტო სასტუმროებში.

გავიდა ხანი, ჩვენ უკვე შუახნის ადამიანი გვქვია და უკან უზარმაზარი რაოდენობის რეგისტრაციები გვაქვს მოტოვებული, თუმცა წინ კიდევ ერთი გველოდება, რომელსაც ისევე როგორც ჩვენს პირველ რეგისტრაციას, სხვები გაგვატარებენ – რეგისტრაცია სასაფლაოს სააღრიცხვო წიგნაკში, რეგისტრაცია პოლიციაში, რომ მართლაც ჩვენი სიკვდილით მოვკვდით და… და მორჩა.

ალბათ რეგისტრაციების ამხელა სიმრავლეა, ტვინს რომ გვირევს და ონლაინ რეგისტრაციასაც ისე ვუყურებთ, როგორც რაღაც საშინელებას. არადა, განსხვავებით რეალური რეგისტრაციისგან, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე სქელი შეკვრა საბუთის წარდგენა გვჭირდება, ონლაინ რეგისტრაცია ძალიან მარტივია და მაქსიმუმ 5 წუთი მიაქვს. არადა მოდი გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით – რამდენს გინდათ ამ პოსტზე კომენტარის დაწერა, მაგრამ ვორდპრესზე რეგისტრაცია გეზარებათ, ტვიტერის აქაუნთის შექმნა ”არ იცით” ან ფეისბუქ-კონექტის გაკეთება გესიკვდილებათ?

”არ ვიცი”-ს ფენომენზე ცალკე შევჩერდები. ეს არის ყველაზე ხშირი პასუხი, რაც გამიგია ჩემს შეთავაზება-რჩევაზე, რომელსაც რომელიმე სერვისის შესახებ ვაძლევ ნაცნობ-მეგობრებს. ”არ ვიცი როგორ დავრეგისტრირდე, რა ვქნა?” – ყველას, ვისაც ეს ფრაზა ერთხელ მაინც წარმოუთქვამს, მინდა ვკითხო – სცადეთ მაინც? რატომღაც, ადამიანიების უმრავლესობას, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე საიტზე დარეგისტრირდეს, ან თუნდაც რეგისტრაციის ფორმას ცალი თვალი გადაავლოს, ურჩევნია უფრო მარტივ გამოსავალს მიმართოს – ”მაილს გეტყვი და დამარეგისტრირე რა…” თითქოს მე უფრო სწრაფად ვწერ, უკეთესად ვიცი Random პაროლების მოფიქრება, ან უზარმაზარი წესების უფრო სწრაფად და სინდისის შეწუხების გარეშე ჩამოსკროლვა და ქვემომ პწიჩკის დასმა შემიძლია.

არადა, სულ რამდენიმე საიტია საქართველოში ცნობილი ფართოდ, რაზეც რეგისტრაციის ერთხელ გავლაა საჭირო და შემდეგ მშვიდად შეგვიძლია ცხოვრების გაგრძელება. სხვათა შორის, ეს კიდევ ცალკე პოსტის იდეაა, ქართული ნეტ-საზოგადოების გაუნათლებლობის შესახებ. თუმცა, სანამ მუზის ახალ შემოტევას ველოდები, მანამდე დაიარეთ ყველა ცნობილი საიტი და რეგისტრაცია გაიარეთ. ეს ხომ ასე ადვილია…

უფრო მანამდე კი შეგიძლიათ ეს პოსტი დაალაიქოთ, დააშეაროთ და დააკომენტოთ, ამით თქვენ არაფერი მოგაკლდებათ, მე კი ძალიან მესიამოვნება.