ბოსტნეულის მოყვანა ქოთანში – პატარა ჰობი სახლისთვის


თუკი ქალაქში ცხოვრობ, ჩემსავით და მამულები არ გაქვს, სადაც შეგიძლია ბევრ ჰექტარზე ხორბალი და ქერი დათესო, მაგრამ სულის სიღრმეში მიწის ყივილი მაინც ჩაგესმის, ეს პოსტი შენთვისაა.

აივანზე, ფანჯარაზე და ზოგადად ქოთანში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა არც ისე რთული და წარმოუდგენელი პროცესია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო – საკმარისი ზომის ქოთანი (სასურველია თუ 10 ლიტრზე მეტი მოცულობის იქნება), მიწა, სასურველი ბოსტნეულის თესლი და მზე. მზე ამ შემთხვევაში მთავარი ინგრედიენტია, რადგან უმზეოდ მხოლოდ სოკოს მოყვანაა შესაძლებელი. სასურველია თუკი ფანჯარა ან აივანი, სადაც ბოსტნეულის მოყვანას ვაპირებთ, იქნება სამხრეთის – ამ შემთხვევაში მზე ყველაზე მეტად მიუდგება ნათესებს, ან დასავლეთის – ჩამავალი მზე უფრო მწველია, ვიდრე ამომავალი. თუკი ფანჯარა ან აივანი ჩრდილოეთის მხარესაა და მზე არასოდეს ადგება ზედ, მაშინ შეგიძლიათ ბოსტნეულის მოყვანის ოცნებაზე ხელი აიღოთ. ჩრდილში არაფერი გაიზრდება.

ახლა ცოტა დაწვრილებით გავყვეთ ყველა პუნქტს. ამ პოსტის დაწერის მომენტში მე თავად მაქვს აივანზე დაახლოებით ერთი კვირის ნათესები, ასე რომ პოსტს ორიგინალი ფოტოებითაც გავაჯერებ. მაშ ასე, პუნქტი:

1.  თესლები – თუკი თბილისში ცხოვრობთ, ბოსტნეულის თესლის შოვნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ადვილია. ვაგზლის მოედანზე, კონკრეტულად კი დეზერტირების ბაზრის წინ (ბავშვთა სამყაროდან ჩამავალ ქუჩაზე) არის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბაზრობა, სადაც იყიდება დეკორატიული ყვავილები, მიწა და ბოსტნეულის თესლები. თესლები ასევე იყიდება დიდუბის მეტროს მიდამოებში, მაღაზიებში, რომლებსაც “მცენარეთა მოვლის საშუალებები” აწერია, ბევრია ეგეთი.
აივნის მასშტაბისთვის, სადაც მიწის საერთო ფართობი არ აღემატება რამდენიმე კვადრატულ მეტრს, რამდენიმე ლარის თესლი სრულიად საკმარისია. თითო სახეობის მცენარისთვის 50 თეთრის რომ ვიყიდოთ, ჩვენს ხელთ არსებული ქოთნების ათმაგ რაოდენობასაც ეყოფა. მოკლედ რომ ვთქვა – თესლები იაფია და ხელმისაწვდომი.ჩემს შემთხვევაში, სულ რამდენიმე ქოთნისთვის შევიძინე 3 ლარის თესლი, რაც ქვედა სურათზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დაუნანებლად დავთესე, ამ რაოდენობას ფაქტიურად არაფერი მოკლებია:001 - teslebi

2. მიწა, ქოთნები და დათესვა – ქოთნად გამოდგება ნებისმიერი ჭურჭელი, რომელსაც აქვს საკმარისი მოცულობა. საკმარისი მოცულობა სხვადასხვა ბოსტნეულისთვის სხვადასხვაა – ბოლოკს და მწვანილს თუ რამდენიმე ლიტრა ეყოფა, კიტრს და პამიდორს ბევრი უნდა. ფაქტიურად რაც მეტი, მით უკეთესი. მიწის ყიდვა იქვეა შესაძლებელი, სადაც თესლების (ზედა პუნქტში წერია). ყიდვა თუ არ გნებავთ, ნებისმიერი მიწა წავა, მთავარია სასუქი არ მოაკლდეს და თიხიანი, ანუ წებოვანი არ იყოს. მოკლედ, როგორ მიწას და ქოთანსაც ვიშოვით ავიღებთ და დავთესავთ შიგნით თესლებს. თავიდან ჯობს, თუ საკმაოდ ბლომად ჩაიყრება თესლები, რადგან ჯობია ბევრი ამოვიდეს და მერე ამოითხაროს ზედმეტები, ვიდრე ცოტა დავთესოთ და საერთოდ არ ამოვიდეს.

აი, “რაც ვიშოვე იმაში” დათესილი პამიდორი ჩერი. რაც მთავარია, ქოთანს აუცილებლად უნდა ქონდეს ქვემოდან ნახვრეტები, რათა ზედმეტი წყალი გარეთ გამოვიდეს და მცენარის ფესვები არ დაალპოს. დათესვისას არაა აუცილებელი და არც სასურველი, რომ კურკები მაინცდამაინც ქოთნის ძირამდე ჩავტენოთ, 5-10 მილიმეტრი არის უნივერსალური სიღრმე ნებისმიერი ბოსტნეულისთვის. უფრო ნაკლებ სიღრმეზე დათესილი შეიძლება გამოშრეს და საერთოდ არ დაიწყოს ამოსვლა, უფრო ღრმად დათესილი კი ზედაპირამდე სანამ ამოვა, მანამდე დაიღუპოს.

პამიდორი ჩერის ნათესი 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში.

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი - ნათესები
პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი – ნათესები

3. დათესვის შემდგომი მოვლა – არც ეს პუნქტია რთული. ქოთნები უნდა დაიდგას სითბოში და დღეში ერთხელ ან ორჯერ მოირწყას. სითბო და საკმარისი რაოდენობის წყალი (ოღონდ არა ზედმეტი) ხელს უწყობს თესლების სწრაფად გაღვივებას და შესაბამისად, სწრაფად ამოსვლას. ნათესები ამოსვლას იწყებს სხვადასხვა დროს, ბოსტნეულის სახეობის მიხედვით. ჩემს შემთხვევაში პირველი ამოიწვერა ბოლოკი, ორიოდე დღეში, შემდეგ კიტრი – ესეც თითქმის მასე, მერე რეჰანი და თითქმის ერთი კვირის თავზე, როცა უკვე იმედიც არ მქონდა, რომ საერთოდ ამოვიდოდა – პამიდორი ჩერი.

ქვემოთ: პირველ სურათზე ბოლოკის ნათესები მეხუთე დღეს, მეორეზე კი ბოლოკი და კიტრი დათესვიდან მერვე დღეს.

005 - natesi dge xuti 006 - natesi dge rva

4. ამოსვლის შემდგომი მოვლა – თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაახლოებით ერთი კვირის თავზე უკვე ჩვენი ძვირფასი ბოსტნეულის და მწვანილის ნათესი ამოსული იქნება იმდენად, რომ ადვილი მისახვედრია – ამდენი რამე საწყის ქოთანში არ დაეტევა. შეგვიძლია ნელნელა ამოვძირკვოთ სუსტი ღერები და რამდენიმე ძლიერი დავტოვოთ, მერე მათგანაც ნელნელა გამოხშირვით საბოლოოდ ერთ ქოთანში მივიღებთ ერთ, ყველაზე ძლიერ ძირს. მაგრამ მეორე, უფრო ჟმოტური მეთოდიც არის. რადგან მცენარეები უკვე ამოვიდა და ახალი ძირებისთვის თავიდან დათესვას და იმათი ამოსვლის ლოდინს დრო უნდა, ვაცდით ამ ახალ ამოსულებს გაზრდას რაღაც დონეზე და შემდეგ, რამდენიმე ძლიერ ნერგს ვანაწილებთ ახალ ქოთნებში. შესაბამისად, ერთი დათესვით ვიღებთ ბევრ, რეალურად რამდენ ქოთანს და შესაბამის მიწასაც ვიშოვით, იმდენ ძირ ბოსტნეულს. მწვანილს გამოხშირვა არ ჭირდება, ბალახია მაინც და მაგის მოსავლის მოწევას არ ველით, მთავარია ბევრი ფოთოლი ქონდეს, ამას კი ერთადაც კარგად მოახერხებენ ძირები.

5. სასუქები და ამბები – ბოსტნეულს სასუქი ჭირდება. სასუქის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია მარტო უმაღლესი ხარისხის, ტყის მიწაზე. ჩვეულებრივ, არც ისე ნოყიერ მიწას, ჭირდება დამატებით საკვები ნივთიერებების დამატება. სასუქი არსებობს ორგვარი – მინერალური და ორგანული. ორგანულში შედის ნაკელი და მსგავსი რამეები, მინერალურში კი… მინერალურები. მე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ გამოყენებული მიწის ნაყოფიერებას დიდად არ ვენდობი (წინა წლებში მარწყვები მომყავდა იგივე მიწაში და რეალურად, საკმაოდ გამოფიტულია), გადავწყვიტე სასუქის გამოყენება. მინერალურის, რადგან ნაკელის და კომპოსტის შოვნის თავი არ მქონდა.

ზემოთხსენებულ, დიდუბის მეტროსთან არსებულ “მცენარეთა მოვლის საშუალებები”-ს მაღაზიაში შევიძინე უნივერსალური, NPK (აზოტ-ფოსფორ-კალიუმის) სასუქი, კონცენტრაციით 16:16:16 და ნელ-ნელა ვამატებ მიწას. ეს სასუქი წარმოადგენს მოვარდისფრო გრანულებს, რომელიც წყალში არც ისე ხალისით იხსნება. ამიტომ ჯობია დავფხვნათ და ფხვნილი მოვაყაროთ მიწას. მორწყვასთან ერთად ეს სასუქიც ნელ-ნელა ჩავა მიწაში. მოყრის რაოდენობა – ცოტა. ეს საკმაოდ კონცენტრირებული სასუქია და მისი ინსტრუქცია გვამცნობს, რომ ჰექტარზე დაახლოებით 100-150 კილოგრამი გამოიყენება. კვადრატულ მეტრზე რომ გადმოვთვალოთ, 10-15 გრამი გამოდის სულ. შესაბამისად, თუკი ერთ კილოგრამს ვიყიდით, რომელიც სულ რაღაც ლარნახევარი ღირს, ჩვენს მინიბოსტანს ის წლების განმავლობაში ეყოფა.

სასუქის შეტანა ზოგადად ჯობია მიწის სიღრმეშივე, ანუ სანამ ქოთნებში მიწას ჩავყრით და დავთესავთ, მანამდე რომ ავურიოთ. თუმცა, არც მერე დამატებაა პრობლემა. მთავარია, ნათესებს წყალი არ მოვაკლოთ და ეს სასუქიც ეტაპობრივად ჩავა ნიადაგის სიღრმეში, ფესვებისკენ.

NPK სასუქი (აზოტი - ფოსფორი - კალიუმი). ფონზე - ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.
NPK სასუქი (აზოტი – ფოსფორი – კალიუმი). ფონზე – ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

6. რა ვქნათ შემდეგ? – მას შემდეგ, რაც ეს მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ და ათიოდე დღის ნათესი მივიღეთ, საჭიროა გაფართოებაზე ფიქრი. გაფართოება ყველაზე მეტად ჭირდება კიტრს და პამიდორს. ამიტომ, სანამ ნათესები ძალას იკრებენ და იზრდებიან, აჯობებს გავამზადოთ რაც შეიძლება დიდი მოცულობის ჭურჭლები მათ გადასარგველად ცალ-ცალკე ქოთნებში. გვახსოვდეს – რაც უფრო მეტ ქოთანში გადავანაწილებთ კიტრის და პამიდვრის წამოზრდილ ჩითილებს და მეტ საერთო სივრცეს მივცემთ, რათა ფესვები კარგად განვითარდეს, მით მეტი იქნება მოსავალი. ბოლოკს, მწვანილს და სხვა მსგავს რამეებს, რომლებმაც პირდაპირ არ უნდა მოისხან მიწისზედა ნაყოფი, ამ მხრივ ნაკლები პრეტენზია აქვთ. თუმცა, არყის ჭიქისხელა ჭურჭელში გაზრდა მაინც არ გამოვა, არაფრის.

როდესაც (თუკი ოდესმე) გადარგული მცენარეები ყვავილებს გამოისხავენ, ჩვენ მოგვიწევს ფუტკრის როლის შესრულებაც. გაყვავილებული ბოსტნეული პერიოდულად უნდა შევარხიოთ, რათა გავაძლიეროთ ყვავილების დამტვერვა. დამტვერვის გარეშე რომ ნაყოფს ვერ მივიღებთ, ეს ბოტანიკის მე-7 კლასის წიგნშიც წერია. ასე რომ, მცირედი, პერიოდული შექანავება ჩვენს ნარგავებს არაფერს აწყენს, მთავარია არ გადავამლაშოთ და ძირი ხელში არ შეგვჩეს. ასევე, უკვე წამოზრდილ მცენარეებს ჭირდება საყრდენები, კიტრის და პამიდვრის ზოგიერთ ჯიშს კი (პამიდორ ჩერის, მაგალითად) სულაც თოკი, რადგან ისინი რამდენიმე მეტრზე იზრდება. ამ საყრდენებზე მცენარეების მიბმისას საჭიროა სიფრთხილე. გახსოვდეთ, რომ წვრილი ღერო, რომელსაც კარგად მიაბავთ საყრდენზე, ცოტა ხანში გამსხვილდება და მჭიდროდ შემოჭერილი საბელის შემთხვევაში, გაიგუდება და ზემოთ ზრდას ვეღარ გააგრძელებს დიდი ხალისით.

ზრდის და ნაყოფის დამწიფების ყველა ეტაპზე ბოსტნეულის უმეტესობას ბევრი მზე და წყალი ჭირდება. თუმცა, არის ერთი შეზღუდვა, რაც კიტრს და პამიდორს აქვს. ზაფხულის მწველ მზეს ისინი დიდად ვერ უძლებენ. ასე რომ, თუკი დათესვა ჩემსავით გვიან მოგივათ და წინ დიდი და ცხელი ზაფხული გელით, ჯობია თუკი მზისგან დამცავ საშუალებებს გამოიყენებთ – საჩრდილობელი ბადე ამ შემთხვევაში სავსებით გამოდგება, ის შეამცირებს მზის ნათებას, თუმცა მთლიანად ჩრდილშიც არ ამყოფებს მცენარეს. წყლის დასხმისას კი ერთი რამეა კიდევ გასათვალისწინებელი – წყალი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოხვდეს ფოთლებს და ნაყოფს, ჯობია თუკი მას უბრალოდ ძირში დავასხავთ.

ასევე საფიქრალია პარაზიტები, ხოჭოები და მსგავსი მავნე არსებები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებით შეუძლიათ მცენარის და მოსავლის დაზიანება, ან სულაც მოსპობა, თუმცა ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ და შესაბამისად ვერაფერს გეტყვით. ჯობს, თუკი მცენარეთა მოვლის მაღაზიებში მიხვალთ და შესაბამისი მცენარის სავარაუდო პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს მოიმარაგებთ. Better safe, than sorry.

ეს არის ძირითადი წესები იმისა, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ არარსებული მამულების პირობებში, მხოლოდ საკუთარი აივნის და ქოთნების იმედად, ბოსტნეული. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩემს ახალამოწვერილ ნათესებსაც.

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

16 thoughts on “ბოსტნეულის მოყვანა ქოთანში – პატარა ჰობი სახლისთვის”

  1. ჩერის ვგულშემატკივრობ ^_^ და კიდევ, საღამოს უკეთესია მორწყვა, როცა მზე საერთოდ არ უყურებს მცენარეს. მადლობა შენ, კარგი და საინტერესო პოსტისთვის :3

    1. მე ღამე ვრწყავ ხოლმე საერთოდ, რომ თენდება, უკვე საკაიფოდაა. და ნუ საღამოს.

      ჩერიც ამოიყარა საკაიფოდ

  2. ჩილი წიწაკის დათესვა მინდა ქოთანში და მზის მაგივრად ნოაჩნიკი რომ მივუშვირო? ;დ

  3. უღრმესი მადლობა (მართლა!), ჯერ ერთი, კეთილი განზრახვისთვის – მსურველს ურჩიოთ! მეორე – ასეთი დაწვრილებითი და, რაც მთავარია, გასაგები თხრობისთვის! მესამე – პენსიონერ პედაგოგს, თბილისელს, სულზე მომისწარით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი აივანი მაქვს, რამდენჯერმე ვცადე და ვერ გავახარე ბოსტნეული. აუცილებლად გავხდები თქვენი მიოსწავლე!

დააკომენტარე